Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად 40 მილიონ დოლარს გაყიდის


საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე გაყიდის 40 მილიონ აშშ დოლარს. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 17 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა აცხადებენ, რომ საქართველოზე გავლენას ახდენს კორონავირუსის COVID-19 პანდემიით მსოფლიოში გამოწვეული კრიზისი.

19 მარტის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1804 ლარი ღირს, 1 ევრო 3.4997 ლარი.

18 მარტს საღამოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, გაყიდოს უცხოური ვალუტის რეზერვები სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად.

გვენეტაძის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია განხილვა მოქმედი პროგრამის ფარგლებში გაზრდილი ფინანსური დახმარების მისაღებად, რაც საგარეო, თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, დახმარების მოცულობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშეა, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც: „ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ".

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის სელიმ ჩაქერის შეფასებით, საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება აქვს, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვებისა და ფისკალური რეზერვების შექმნა: „მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან გასამკლავებლად“. სელიმ ჩაქერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს გამოწვევებით სავსე,რთულ ვითარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG