Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის სამინისტრო: ვმუშაობთ კერძო კომპანიებთან, რომ კორონავირუსის ტესტირება მათაც შეძლონ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მუშაობენ კერძო კლინიკებთან, რათა კორონავირუსის ტესტირების ჩატარება მათაც შეძლონ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. სწრაფი ტესტების ჩატარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე კომპანიამ მიმართა. თუმცა მინისტრის მოადგილემ განმარტა:

"ჩვენ დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ეროვნული ალგორითმი, რომელსაც გამოვიყენებთ დიაგნოსტიკისთვის, იყო ერთიანი, გამართული და მკაფიო ეტაპობრივი სქემით იმასთან დაკავშირებით, რომ რა ჯგუფში რა ეტაპზე რომელ ტესტს ვიყენებთ. ტესტების ქაოტურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა - ცრუ "დადებითი" ან ცრუ "უარყოფითი", რაც უფრო დატვირთავს PCR ტექნოლოგიების აუცილებლობას".

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სწრაფი ტესტების ჩატარების აუცილებლობა არ დგას. როგორც ბრიფინგზე გაირკვა, მსგავსი ტესტების ჩატარების მოთხოვნით სულ ხუთი განაცხადი შევიდა.

ამ ეტაპზე კორონავირუსის იდენტიფიცრებისთვის ტესტირება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ლაბორატორიებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზედამხედველობით ტარდება. მათი კვლევებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG