Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე მთავარ ამოცანად ასახელებს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილებას


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევის დადასტურებდან სამი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ მიღებული სერიოზული ზომებით მოხერხდა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ მრავალსექტორული პასუხის მთავარი ამოცანაა ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილება.

ამიტომ, გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზა, უფრო გამკაცრდეს სოციალური, ანუ ფიზიკური დისტანცირების ზომები და ეს შეეხოს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსაც, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა.

საკოორცინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყებებს დაავალა დღის ბოლომდე წარმოადგინონ ახალი შემზღუდავი ზომები.

ამ დროისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაკეტილია ქვეყნის საზღვრები, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დროებით დაიხურა გასართობი, კულტურული და სპორტული დაწესებულებები, შეწყდა მიკროავტობუსებით მგზავრობა. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

19 მარტის 15:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელსაც დაავადება 26 თებერვალს დაუდგინეს. საქართველოს ეს მოქალაქე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG