Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არა გვაქვს პანიკის საფუძველი


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ყურადღება და მობილიზება მოდუნდეს.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო“, - ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, რას ეფუძნება საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელთა მოლოდინები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის საგრძნობი გაზრდის შესახებ. მინისტრის თანახმად, პროგნოზის საფუძველი პირველ რიგში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით სარისკო ქვეყანებში საქართველოს 2000-მდე მოქალაქის მოგზაურობის ფაქტია:

„2000-მდე ჩვენი მოქალაქე,რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და რისკი ამ ეტაპზე მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არიან საქართველოში, იმყოფებიან საკარანტინო ზონებში და თვითიზოლაციაში. შესაბამისად მომდევნო ორი კვირის მანძილზე ჩვენ ამ მოქალაქეებში რა თქმა უნდა ველოდებით რიცხვის ზრდას, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო ახალი კორონავირუსის შეკავების ფაზიდან გავრცელების ფაზაში გადავიდა.

ამ დროისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაკეტილია ქვეყნის საზღვრები, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დროებით დაიხურა გასართობი, კულტურული და სპორტული დაწესებულებები, შეწყდა მიკროავტობუსებით მგზავრობა. სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

19 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები და საჭიროების შემთხვევაში, ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს.

19 მარტის 15:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG