Accessibility links

logo-print logo-print

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადება ამ ეტაპზე გამორიცხულია


იაპონიის მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ხელმძღვანელობა დარწმუნებულნი არიან, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გეგმის მიხედვით გაიმართება, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, კორონავირუსის პანდემია ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესსაც შეეხო - ჩაიშალა სალიცენზიო შეჯიბრებები და ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის დეტალები, მაგრამ თავად ოლიმპიური თამაშების ჩაშლა ან გადადება დღის წესრიგში არ დამდგარა.

2020 წლის მთავარი სპორტული ღონისძიების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მაღალჩინოსნებმა საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრეს ამავე ორგანიზაციების სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად და კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე არაა საჭირო მკაცრი გადაწყვეტილების მიღება.

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ორმოცდასამი პროცენტი ჯერაც გასათამაშებელია და, წინასწარი გეგმით, გადადებული სალიცენზიო შეჯიბრებები გაზაფხულის ბოლოდან უნდა განახლდეს. მაგრამ, თუ ესეც ვერ მოხერხდა და შეჯიბრებების ჩატარება ვერ მოესწრო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს საგზურებს, სავარაუდოდ, ადრეული შედეგებისა და რეიტინგების გათვალისწინებით გასცემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG