Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაასწრო


19 მარტს საღამოს იტალიამ COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაასწრო მას მერე, რაც უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა ინფექცია და 427 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა საერთო რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა, ამ მომენტისთვის გარდაცვლილია 3405 ადამიანი. ჩინეთში გარდაცვლილია 3245 ადამიანი.

ჩინეთის წითელი ჯვრის პრეზიდენტმა სუნ შუოპენმა იტალიის პროვინცია ლომბარდიის მონახულების შემდეგ გააკრიტიკა იტალიის ამ რეგიონის ხელისუფლება „ზედმეტი სირბილის“ გამო იქ შემოღებულ კარანტინთან დაკავშირებით. სუნ შუოპენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მთელი სამეურნეო საქმიანობა უნდა შეჩერდეს და ხალხი სახლებში დარჩეს.

ლომბარდიის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ჩინელმა სპეციალისტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დიდი რაოდენობით ხალხი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ძალზე ცოტაა პირბადიანი ადამიანები.

ჩინეთში, საიდანაც დეკემბერში დაიწყო ახალი კორონავირუსის გავრცელება, ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ეპიდემიამ კლება დაიწყო. მაგრამ მედიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა მონაცემების მანიპულირებას ახდენდეს.

მარტო უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა ათასზე მეტი ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვმა 237 ათასი შეადგინა. გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG