Accessibility links

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის ქართველ კანდიდატს პარლამენტში მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოუსმენენ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოს მიერ შერჩეულ კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს. მისი კანდიდატურა მთავრობას იუსტიციის სასწავლო ცენტრმა წარუდგინა, მთავრობამ კი პარლამენტს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა, 11 მარტითაა დათარიღებული.

გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მისი მოსმენა 10 საათზე დაიწყება.

საქართველომ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს.

2020 წლის დეკემბერში, სასამართლოს წესდების - რომის სტატუტის წევრი ქვეყნების მე-19 ასამბლეაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 123 ქვეყანა, მოსამართლეები 6 ვაკანტურ ადგილზე აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აღმოსავლეთ ევროპიდან, რადგან ვადა ეწურება ამ რეგიონის კვოტით არჩეულ ჩეხ მოსამართლეს.

საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან კანდიდატის დასახელება შეუძლიათ ალბანეთს, ბოსნიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG