Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს


კორონავირუსის COVID-19 პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ უვადო უხელფასო შვებულებაში უშვებს თანამშრომლების 95%-ს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, გადაწყვეტილება იძულებითია, რადგან გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისი შეიქმნა.

ბოკერიას თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან ფინანსური სახსრების მობილიზებას, რათა თანამშრომლები სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით: „შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად. „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა და ხელშეწყობა იქნება“.

ბოკერიას ინფორმაციით, ავიაკომპანია მზად არის ჩარტერული რეისები შეასრულოს ინდივიდუალური დაკვეთებითაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს, 20 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც მთავრობასთან კოორდინაციით ასრულებს „საქართველოს ავიახაზები" საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG