Accessibility links

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიების დროს ტესტირების კომერციალიზაცია არ ხდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ემხრობა კერძო ლაბორატორიების მიერ კორონავირუსის COVID-19 ე.წ. კომერციულ ტესტირებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაადგინოს ტესტირების ფასი, რომლის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს: „ეპიდემიების დროს კომერციალიზაცია ტესტირებების არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი“.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, განისაზღვრება „ოქროს ტესტირების“ თუ „სწრაფი ტესტირების“ ოპტიმალური საბაზრო ფასი, ტესტირების უფლება ექნება ყველას, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურდება.

„მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციის მიზნით გავაკეთოთ, ეს კიდევ განსახილველი საკითხია. თუ ჩემს პირად მოსაზრებას მეკითხებით, მე, ალბათ, მხარს არ დავუჭერდი დღეს კომერციალიზაციას კორონავირუსზე ტესტირებისა იმიტომ, რომ კორონავირუსული ინფექცია არის გლობალური გამოწვევა და ამას ჩვენ ერთად ვებრძვით და არა, ვთქვათ, მოგების მიზნით რომელიმე ლაბორატორია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG