Accessibility links

logo-print logo-print

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა: რუსეთმა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებები შემოიტანა


რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებები შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტი. კორონავირუსისგან დაცვის ე.წ. უწყებათშორისი შტაბის თანახმად, ახალი კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებები შექმნილია „როსპოტრებნადზორის“ ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო ცენტრის, „ვექტორის“, მიერ.

„დიაგნოსტიკა დაფუძნებულია მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე (PCR), რომელსაც ახასიათებს მაღალი მგრძნობელობა და შედეგის მიღების მოკლე ვადა (24 საათი). გამოკვლევა ჩატარდება მკაცრად ექიმის ჩვენების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებს შორის, კორონავირუსის ინფექციის მწვავე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა 20 მარტს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა, მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით.

საქართველოს ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, როგორც ახალი კორონავირუსის პრევენციის, ისე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად ახალი კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებული არ არის.

საქართველოში ახალი კორონავირუსით 43 ადამიანია დაინფიცირებული, ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG