Accessibility links

logo-print logo-print

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა ბიზნესოპერატორები, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ


საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID – 19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას:

  • სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
  • სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
  • სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
  • ვეტერინარული კლინიკები;
  • ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
  • ცხოველთა ფერმები;
  • ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
  • ზოომაღაზიები;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
  • სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები;
  • პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიან კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების შეჩერების მიზნით განაცხადა, რომ 20 მარტიდან საქართველოს მასშტაბით სასურსათო, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილების და საბანკო განყოფილებების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 20 მარტის მონაცემებით შემთხვევატა რაოდენობა 44-ს შეადგენს, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 259.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG