Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: შეკრების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო უნდა გახდეს


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას მოუწოდებს, მკაფიო გახადოს შეკრების აკრძალვის რეგულაცია. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი მაგველაშვილი წერს, რომ მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვები რომ დაიცვან, ამისათვის საჭიროა მკაფიო იყოს, რას გულისხმობს ეს შეზღუდვები, კერძოდ, 10 ადამიანის განთავსების შესახებ:


"მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი - შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი - რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. იგი მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობას.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის შესაბამისი დეკრეტის გამოქვეყნებამდე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შეზღუდვა შეეხებოდა 10-ზე მეტი მოქალაქის შეკრებასაც, თუმცა მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში ადამიანთა რაოდენობა მითითებული არ არის. მისივე თქმით, პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება შეზღუდული არ არის და რელიგიურ რიტუალში მონაწილეობაც ამ უფლების ნაწილია.

22 მარტს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში საკვირაო წირვა ჩატარდა. საკათედრო ტაძარში ერთ-ერთმა პირმა პოლიციაც გამოიძახა. პოლიციელები მოქალაქეებს შორის დისტანციის დარღვევის შესაძლო ფაქტზე მივიდნენ.

"პატრული მივიდა გამოძახებაზე, ადგილზე გაეცნო ვითარებას, გაესაუბრა მეუფეს და დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG