Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს


„საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც და მის შემდეგაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად განსაზღვრავს სოციალური დისტანციის დაცვას და შეკრებებისგან თავის შეკავებას.

განცხადების ხელმომწერები მიუთითებენ, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანებს“.

ამგვარ ვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ სახელმწიფოს, რათა „მან სათანადო ბალანსის დაცვით, ერთი მხრივ, უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით მაქსიმალურად სრულყოფილად სარგებლობა, მეორე მხრივ, კი გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები“.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მისი შეზღუდვა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისი მკაცრი პირობების დაცვით, როდესაც ის რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას:

  • „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით[2] დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით[3] გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში;
  • აღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
  • ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე საზოგადოებისთვის გააკეთოს ნათელი და თანმიმდევრული განცხადებები.

გარდა ამისა, მივმართავთ სახელმწიფოს

მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს რელიგიურ გაერთიანებებს, რათა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი რელიგიური საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ასევე, მივმართავთ რელიგიურ ორგანიზაციებს

საკუთარი მაღალი სოციალური ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოებაში წახალისდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდაჭერა და ხელშეწყობა“.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საფარი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

იურისტები:

არჩილ მეტრეველი

გიორგი ნონიაშვილი

ალიკა კუპრავა

მიხეილ შარაშიძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG