Accessibility links

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 15,000-ს გადააჭარბა


კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა გლობალურად 15,000-ს გადააჭარბა, დადასტურებულია 350,000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე კვირაში ვითარება "კიდევ გაუარესდება".

პანდემიის ცენტრად ევროპა რჩება, 23 მარტს კვლავ გაიზარდა შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იტალიას აქვს ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, 5,476 ადამიანით და ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემი, 59,000-ზე მეტი შემთხვევით. ბოლო 48 საათში ამ ქვეყანაში გარდაცვალების 1,400-ზე მეტი და ინფიცირების 12,000 შემთხვევა აღირიცხა.

იტალიას მოსდევს ჩინეთი, სადაც ვირუსი პირველად იქნა იდენტიფიცირებული გასული წლის ბოლოს. 23 მარტის მონაცემებით, იქ კორონავირუსმა იმსხვერპლა 3,274 ადამიანი. ბოლო ორ დღეში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა აღირიცხა.

ჩინეთში დადასტურებული 81,500-მდე შემთხვევიდან, პეკინის განცხადებით, 73,000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების რაოდენობით მესამეა აშშ, 35,000-ზე მეტი შემთხვევით და 471 გარდაცვლილით. ამ მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.

"მინდა ამერიკამ გაიგოს, რომ ამ კვირაში ვითარება გაუარესდება", - უთხრა ჯანდაცვის საკითხებში აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ჯერომ ადამსმა ტელეკომპანია NBC-ს.

23 მარტს სირიიდან და ღაზის სექტორიდან გავრცელდა ცნობები კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ, რაც ზრდის შეშფოთებას ეპიდემიაზე ლტოლვილების ბანაკებსა და სირიის ომით გაჩანაგებულ საავადმყოფოებში.

ახლო აღმოსავლეთში ამ ეტაპისთვის ყველაზე მძიმე ვითარება ირანშია - 23 მარტის ოფიციალური მონაცემებით, იქ გარდაცვლილია 1,812 ადამიანი და ინფიცირებულია 23,000.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG