Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღო კორონავირუსის კარანტინის დარღვევაზე


სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას პატიმრობის შემოღებაზე პირებისთვის, რომლებსაც დაუმტკიცდებათ კარანტინის ან თვითიზოლაციის წესების დარღვევა, რათა შესუსტდეს კორონავირუსის გავრცელების ტემპი.

კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით 23 მარტს დაამტკიცეს, სამ დღეში მას შემდეგ, რაც მას პირველი თანხმობა მისცა ეროვნულმა ასამბლეამ.

მთავრობამ ჯარიმების შემოღება გასულ კვირაში გადაწყვიტა, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სომხეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსით ინფიცირების 194 შემთხვევაა აღრიცხული, მსხვერპლი არ არის.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კარანტინში 600-მდე ადამიანია, ასობით პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ახალი კანონით, წესების დარღვევის გამო პატიმრობის ვადა ერთიდან ხუთ წლამდე იქნება, ასევე შემოდის 1 მილიონ დრამამდე, ანუ 2,000 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ ჯარიმებს ტელევიზიებისთვის, რადიოსთვის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის, რომლებიც ვირუსის შესახებ არაავტორიზებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

პირველი ვერსიით, კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის შესახებ მედიის და სოციალური მედიის ყველა ტექსტში ასახული უნდა ყოფილიყო სამთავრობო წყაროების ინფორმაცია. მაგრამ ამ პუნქტს შეეწინააღმდეგნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები - ისინი აცხადებდნენ, რომ ამით ცენზურა დაკანონდებოდა და პრესის თავისუფლება არამართებულად შეიზღუდებოდა.

ბოლო დღეებში სომხეთის სულ მცირე ორ მედიასაშუალებას უბრძანეს, ვებსაიტებიდან წაეშალათ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ხელისუფლებამ ფეისბუკის რამდენიმე მომხმარებელიც აიძულა, წაეშალათ პოსტები, რომლებშიც კრიტიკა იყო გამოთქმული მთავრობის მხრიდან ეპიდემიასთან ბრძოლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG