Accessibility links

logo-print logo-print

კარანტინში მოქცეულ მარნეულში ორი პირი დააკავეს პოლიციელების და მაშველების შეურაცხყოფისთვის


მარნეული

სამართალდამცავებმა მარნეულში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობა.

სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს".

23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული და შესაბამისი შემზღუდავი ზომები მოქმედებს. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით COVID-19 მარნეულელი ქალის დაინფიცირება ვირუსის შიდა გადაცემად შეფასდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG