Accessibility links

საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო გაკვეთილები მზადდება


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების აღსაკვეთად სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო, 30 მარტიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით დაიწყება სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გახარიას შეფასებით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ტელევიზიის გამოყენება გადაწყდა, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტერნეტზე წვდომა ჯერჯერობით არ გააჩნია და ეს არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს.

ამასთან, გახარიამ ინტერნეტ-პროვაიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტზე და შესაბამისად, დისტანციურ სწავლებაზე.

საქართველოს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდეა შეწყვეტილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG