Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: კარანტინის ზონაში ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ ღია საწარმოებში იქნება დაშვებული


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების მკაცრ საკარანტინო ზონაში, კერძოდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, თუმცა გარკვეული გამონაკლისები მაინც შეიძლება დაიშვას. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფუნქციონირების უფლება მიეცეთ ისეთ საწარმოებს, რომლებიც სამუშაო პროცესს ღია სივრცეში ახორციელებენ:

„მაგალითად, ისეთი წარმოებები, როგორებიცაა კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება, საშენ მასალათა წარმოება, რომელიც ხორციელდება ღია სივრცეში და ბიზნესის სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც არის ღია სივრცეში განლაგებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი განმარტებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური საქმიანობის დაშვების კონკრეტული სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.

მინისტრის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად გრძელდება, მაგრამ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული წესების დაცვის პირობებში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით საქართველოში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინო ზონაა. 24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 67 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG