Accessibility links

logo-print logo-print

სწრაფ ტესტებს პირველ რიგში მარნეულში გამოიყენებენ


ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტებით პირველ რიგში მარნეულის მკვიდრებს გამოიკვლევენ. ტესტებს ჩინეთიდან დღეს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფ გავრცელებას შეაკავებს.

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და, შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას. ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი. რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სწრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად ახალი კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები შემდეგ მუნიციპალიტეტებში არსებულ კლინიკებში იმყოფებიან:

„ამ ეტაპისთვის ინფიცირებული ადამიანები გვყავს მარნეულში, ძირითადი მასა მოთავსებულია თბილისში, ასევე გვყავს გორის ჰოსპიტალში, ასევე არიან საჩხერის საავადმყოფოში და იმყოფებიან ბათუმში, ერთი პაციენტი არის ქუთაისის კლინიკაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი COVID-19 ლაბორატორიულად 67 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 9 განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG