Accessibility links

ვახტანგ გომელაური: დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, მედია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარებით დაინტერესდა.

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“, - განაცხადა გომელაურმა.

„პირველი არხის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაური ადგილზე გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების, პოლიციისა და სამხედროების მუშაობას. მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მივიდა. ასევე, მივიდა მართვის ცენტრის კარავშიც და მუშაობის პროცესს დააკვირდა. სპეციალურ საგუშაგოზე პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი. 24 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევაა, მათ შორის ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4 055; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG