Accessibility links

როგორია COVID-19-ით დაავადება - 3 ისტორია


COVID-19 სხვადასხვა პაციენტებში განსხვავებულად იჩენს ხოლმე თავს. სამი სხვადასხვა ავადმყოფის ისტორია მოვაგროვეთ ინტერნეტში - სამივემ საკუთარი ინფექციის შესახებ სოციალურ ქსლებში დაწერა და შემდეგ ეს შემთხვევები მედიასაშუალებებმა გადაამოწმა.

მსუბუქი შემთხვევა

გლენ ბრაუნი 13 მარტს გახდა შეუძლოდ. ძალიან ცუდადაც არ ყოფილა -სიცხე ჰქონდა, თავი ტკიოდა და ამცივნებდა - მეტიც არაფერი. მეორე დილით კი, საერთოდაც, სულ აღარ გრძნობდა თავს ავად. არც დაუშვია, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული - ჯერ ერთი, მაგის სიმპტომები არ ჰქონია - არც ახველებდა და სუნთქვაც არ უჭირდა. მეორეც - თითქოს რა უნდოდა „კორონას“ კეჩიკანში - ალასკის შტატისკვალობაზეც კი კარგა მიყრუებულ ქალაქში, სადაც სულ 8 ათასი მოსახლე ცხოვრობს.

გადაწყვიტა, მაინც მისულიყო ექიმთან, როგორც თავად წერს, „მოჭარბებული სიფრთხილის“ გამო. სწორად მოიქცა. ტესტმა COVID-19-ზე პოზიტიური პასუხი აჩვენა. არადა, ამ დროს გლენ ბრაუნი უკვე სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. სიმპტომები თითქმის აღარ ჰქონდა - ოდნავი სიმძიმე მკერდში და მეტიც არაფერი - სხვა დროს ყურადღებას არც კი მიაქცევდა.

თავად დაბნეული იყო, თითქოს ისეთი არავინ მინახავს, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები ექნებოდაო. შემდეგ გაირკვა, რომ სავარაუდოდ სიეტლში მცირეხნიანი ვიზიტისას დაინფიცირდა.

სიფრთხილის მიუხედავად, გლენ ბრაუნმა „კეჩიკანის კლასტერი“ შექმნა. კორონავირუსი ჯერ მეუღლეს გადასდო და შემდეგ კიდევ ერთ პაციენტს. 24 მარტისთვის ამ რვაათასიან ქალაქში COVID-19-ის 6 ინფექციაა იდენტიფიცირებული და შიშობენ, რომ კიდევ მოიმატებს.

უფრო მძიმე შემთხვევა

59 წლის მორენა კოლომბი ერთ-ერთი პირველი პაციენტი იყო იტალიაში, ვისაც კორონავირუსი დაუდგინეს. ავად ვალენტინობის დღეს გახდა. გრიპი ეგონა - თავს ძალიან სუსტად გრძნობდა და ყველაფერი ტკიოდა. მშრალი ხველა დაეწყო, რომელიც დღითიდღე უარესდებოდა. შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა...

ერთი კვირის შემდეგ, 21 თებერვალს, როდესაც ახალ კორონავირუსზე ალაპარაკდნენ, მორენა დაეჭვდა, რომ თავადაც ამით იყო ინფიცირებული. ჯერ სადმე დარეკვა სცადა, თუმცა არც საინფორმაციო და არც სასწრაფო დახმარების ნომრებზე არავინ უპასუხა. ბოლოს ნიღაბი გაიკეთა და შვილს სთხოვა, საავადმყოფოში წაეყვანა.

თავიდან, ლამის, არც კი მოუსმინეს. თუმცა, როდესაც ახსენა, რომ ათი დღით ადრე ჩინეთში ნამყოფ ხალხთან ჰქონდა შეხება, მაშინვე დაფაცურდნენ - ნიღბები და ხელთათმანები გაიკეთეს. საკარანტინე სივრცე ჯერ არ ჰქონდათ, ამიტომ ცარიელ ოთახში გადაიყვანეს, სადაც საკაცე შეუგორეს და უთხრეს, ხვალამდე უნდა გაძლოო. პასუხი მეორე დღეს მოვიდა - ამ კლინიკისთვის პირველი დადებითი შედეგი COVID-19-ზე. ცოტა ხანში იქაურობა უმძიმესი პაციენტებით აივსებოდა.

მორენას პნევმონია განუვითარდა, მაგრამ დამოუკიდებლად სუნთქვა შეეძლო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომაც უთხრეს, სახლში წასულიყო და საწოლი მძიმე ავადმყოფებისთვის გაეთავისუფლებინა. ავადმყოფობის დარჩენილი დღეები შინ, მილანის შორიახლოს მდებარე პატარა ქალაქ ტრუკაზანოში გაატარა. სრულ იზოლაციაში იყო - დროდადრო მეგობრები მოდიოდნენ და კარებთან სანოვაგეს უტოვებდნენ.

დღეს მორენა კოლომბი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი, გული სტკივა, რომ მისი საავადმყოფოში ყოფნისას ქალაქში მასზე უამრავი ჭორი გაუვრცელებიათ. მხარდაჭერის ნაცვლად, ყველამ გამრიყა, თითქოს დამნაშავე ვიყო რამეშიო - ამბობს და ამატებს - დღეს ყველას ყველაზე მეტად რაციონალურობა გვჭირდებაო.

კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა

კორონავირუსთან დაკავშირებით მეთიუ რობინსონს წესით საქმე მაინცდამაინც სანერვიულოდ არ უნდა ჰქონოდა. 28 წლისაა, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს უჩიოდა და დროდადრო ვარჯიშობდა კიდეც. „ყველამ იცის“, რომ ახალგაზრდებს და ჯანმრთელებს „კორონა“ ვერაფერს ავნებს. დღეს მეთიუ ცდილობს ყველას აუხსნას, რომ ეს ყოველთვის ასე არაა.

თავიდან გაციება ეგონა. შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა - ჯერ მკერდის ტკივილები დაეწყო, შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა. ბოლოს გონება დაკარგა და ორი კვირის განმავლობაში აპარატზე მიერთებული ებრძოდა სიკვდილს.

ბეწვზე გადარჩა. ბოლომდე ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა და ჯერაც ფიზიკური თერაპია ჭირდება ძალების აღსადგენად.

„ვიცი რომ ბევრს ასე გონია - ახალგაზრდა ვარ და ვირუსი ალბათ ვერაფერს დამაკლებსო. თუმცა, ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე ჩანს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ყოველთვის არ ამართლებს“ - უთხრა მეთიუ რობინსონმა ტელეჟურნალისტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG