Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად


აშშ-ში მიაღწიეს შეთანხმებას ისტორიული მნიშვნელობის, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტზე, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის ეკონომიკის დახმარებასა და ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერაზე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

შაბათ-კვირას ორპარტიული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ერიკ უელანდმა 25 მარტს, დილით ადრე გამოაცხადა, შემდეგ სენატორებმა და თეთრმა სახლმა მოახერხეს ეკონომიკური სტიმულის პაკეტის პირობებზე შეჯერება. „შეთანხმება გვაქვს“, - უთხრა უელანდმა ჟურნალისტებს.

პაკეტის შესახებ კენჭისყრა სენატში შესაძლოა უკვე 25 მარტს გაიმართოს. სენატში რესპუბლიკელები 53-47 მანდატით ლიდერობენ, კანონპროექტს დამტკიცებისთვის 60 ხმა ესაჭიროება, რაც ნიშნავს, რომ მას სულ მცირე შვიდი დემოკრატი უნდა მიემხროს. სენატში დამტკიცების შემდეგ, პაკეტი უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ. სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ, მისი მოლოდინით, პაკეტი სწრაფად დამტკიცდება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კანონმდებლებს მოუწოდებს სწრაფად დაამტკიცონ პაკეტი, განაცხადა, რომ მას ხელს მოაწერს. „კონგრესმა დღეს უნდა დაამტკიცოს შეთანხმება, მიდებ-მოდების გარეშე“, - დაწერა მან ტვიტერზე 24 მარტს, სანამ შეთანხმება გამოცხადდებოდა. „რაც მეტი დრო გავა, მით უფრო რთული იქნება ეკონომიკის გამოცოცხლება. ჩვენს მუშახელს ზიანი მიადგება!“ - წერს ტრამპი.

რესპუბლიკელთა მიერ შედგენილ პაკეტს დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს პაკეტი უპირატესობას ანიჭებდა კორპორაციების ინტერესებს და არა მუშახელს და მათ ოჯახებს. დემოკრატები ასევე აკრიტიკებდნენ, მათი თქმით, გამჭვირვალობის ნაკლებობას, თუ როგორ უნდა დარიგებოდა 500 მილიარდი დოლარისგან შემდგარი დახმარების პაკეტი კომპანიებს, რომლებსაც ფინანსური საჭიროება გაუჩნდებოდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG