Accessibility links

კამათი COVID-19-ის ლეტალურობის შესახებ - ორი მხარის არგუმენტები


გამართლებულია თუ არა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში მიღებული უმკაცრესი ზომები კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად? რამდენიმე მეცნიერის აზრით - არა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები არ გვაძლევს მიზეზს ვივარაუდოთ, რომ COVID-19-ს მილიონობით ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. მათი არგუმენტი ასეთია - მსოფლიოში დღეს რეალურად გაცილებით მეტი ადამიანია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, ვიდრე ამას სტატისტიკა აღრიცხავს. შესაბამისად, COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი სინამდვილეში ბევრად დაბალია, ვიდრე დღეს გვგონია - შესაძლოა იმდენად დაბალი, რომ არც ღირდეს ესოდენ მკაცრი ზომების მიღება.

ეს ავტორები - სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები - სამეცნიერო წრეებში მარგინალებად არ მიიჩნევიან, თუმცა, ცხადია ამ შემთხვევაში ისინი უმცირესობაში არიან. მაგრამ, მათი ყველაზე კრიტიკული ოპონენტებიც აღნიშნავენ, რომ დებატები ამ საკითხზე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.

რას ამბობენ „საყოველთაო კარანტინის“ მოწინააღმდეგეები

24 მარტს, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორების, ჯეი ბჰატაჩარიას და ერან ბენდავიდის მოსაზრება სათაურით: „მართლა ისეთი მომაკვდინებელია კორონავირუსი, როგორც ამბობენ?“. სტატიის ავტორები წერენ, რომ COVID-19-ის შიში ძირითადად გამოწვეულია ვარაუდით, რომ ის ინფიცირებულთა 2-4 პროცენტს კლავს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 100 მილიონი ამერიკელი დაავადდება, ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი შეიძლება მოკვდეს. „მიგვაჩნია, რომ ეს შეფასება ძირეულად მცდარია. ხალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა სავარაუდოდ ბევრად მეტია, ვიდრე ეს დღეს გვაქვს აღრიცხული და სიკვდილიანობის მაჩვენებელი წესით ათჯერ მცირე მაინც უნდა იყოს, ვიდრე ოფიციალურად მიღებული მაჩვენებელიაო“ - წერია სტატიაში.

ავტორები აანალიზებენ ჩინეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან და აშშ-იდან მიღებულ მონაცემებს და ცდილობენ, კონკრეტული ქალაქების სტატისტიკა მთელს პოპულაციაზე განავრცონ. მათი დასკვნა ასეთია - ზემოთ მოყვანილი სცენარის - 100 მილიონი ამერიკელის ინფიცირების - შემთხვევაში გაცილებით ნაკლებ მსხვერპლს, 20-40 ათასი ადამიანის სიკვდილს უნდა ველოდეთ, რაც სეზონური გრიპის ფატალურობაზე ნაკლებიაო. „სასწრაფოდ უნდა გადავაფასოთ საყოველთაო ჩაკეტვის ემპირიული საფუძვლები“ - ასე მთავრდება სტატია.

ამ მოსაზრებამდე ერთი კვირით ადრე კი ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა გავლენიანმა გამოცემა Statnews-მა გამოაქვეყნა სტენფორდის კიდევ ერთი პროფესორის, ჯონ იოანიდისის სტატია, სადაც ლაპარაკია, რომ დღეს ქვეყნები უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს არასრულ და არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ. ეს კორონავირუსი სხვა, მსგავს ვირუსებზე მომაკვდინებელი არ არის და მისი არსებობა თავიდანვე რომ არ აღმოგვეჩინა, შეიძლება მაქსიმუმ გვეთქვა - წელს რაღაც იმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმაო. ავტორის საბოლოო დასკნა ასეთია - მსოფლიოს მცდელობა, შეაკავოს COVID-19-ის პანდემია გადაჭარბებული რეაქციაა და ის „ფიასკოს გამოიწვევსო“.

ჯონ იოანიდისი გავლენიანი და ცნობილი ეპიდემიოლოგი და მკვლევარია - ის მეტა-კვლევის სფეროს დამფუძნებლად მიიჩნევა და, შესაბამისად, მის ამგვარ სკეპტიკურ მოსაზრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად აკრიტიკებდნენ.

რა უპასუხეს სხვა მეცნიერებმა

იოანიდისს მეორე დღესვე გამოეხმაურა მისი კოლეგა, ჰარვარდის პროფესორი მარკ ლიპსიჩი. ლიპსიჩის სტატია: “COVID-19-თან ბრძოლისთის საკმარისი ვიცით“ იმავე გამოცემაში გამოქვეყნდა.

მარკ ლიპსიჩი წერს, რომ იოანიდისის სტატიამ კარგი საქმე გააკეთა - დისკუსია წამოიწყო. „ჯონს ტელეფონით ველაპარაკე და დავასკვენი, რომ მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანსო“ - ამბობს ავტორი და დასაწყისში ასახელებს, თუ რაში ეთანხმება ოპონენტს - პირველ რიგში იმაში, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ მართლაც არ ვიცით. არ ვიცით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ბავშვების როლი ეპიდემიის გავცრელებაში, პრესიმპტომური გავრცელების როლი და, მართლაც უცნობია, თუ რეალურად როგორია ამ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი.

თუმცა, წერს მარკ ლიპსიჩი, ის კი ვიცით, თუ რა დღეში ვარდება ქვეყანა, როდესაც მძიმე შემთხვევების რაოდენობა მატულობსო და მაგალითად იტალიის საავადმყოფოებში არსებული ვითარება მოჰყავს.

ავტორი დასძენს - ისიც ვიცით, რომ თუ დროზე საკონტროლო ზომებს არ მივიღებთ, მძიმე შემთხვევების რაოდენობა მალე გაორმაგდება, გაოთხმაგდება და ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავსო.

იოანიდისის დასკვნებს აკრიტიკებენ კორონავირუსის მკვლევარები იანირ ბარ-იამი და ნასიმ ნიკოლას თალები. იმაზე არც ისინი დაობენ, რომ COVID-19-ის ლეტალურობის შესახებ ზუსტი მონაცემები მართლაც არ გვაქვს. თუმცა, ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამენ: „რა სჯობს, დათვი გეგონოს და ქვა აღმოჩნდეს, თუ პირიქით - ქვა გეგონოს და დათვი აღმოჩნდეს?“ გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისას სჯობს დროზე და გადამჭრელად ვიმოქმედოთ და, საბოლოოდ, ეს უფრო იაფიც დაგვიჯდებაო - ასკვნიან მკვლევარები.

რა ხდება რეალურად

სტენფორდის პროფესორების მოსაზრების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არც ერთ სტატიაში არ არის განხილული, მაგალითად იტალიის სამხრეთში არსებული მძიმე ვითარება. Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში გაკვრითაა ნახსენები, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსით დაავადებების შედეგად ჯანდაცვი სისტემის გადატვირთვა, თუმცა არც ამ სიტუაციის გამომწვევი მიზეზებია ახსნილი და არც ის, თუ რანაირად შეიძლება მისი თავიდან არიდება.

თუ COVID-19 არც ასეთი საშიშია, მაშინ რა ხდება ბერგამოსა და მილანში? და თუ იტალიას რაღაც უნიკალური პრობლემები ჰქონდა, რატომ მეორდება მსგავსი ვითარება ესპანეთში?

ოპტიმისტური თეორიული პროგნოზებს აქარწყლებს თუნდაც ნიუ-იორკში მიმდინარე პროცესებიც, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი საავადმყოფოებიც კი უკვე ვეღარ უძლებენ პანდემიის ზეწოლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG