Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საპატიმროებში დამატებით ზომებს მიმართავენ


COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში გამოცხადებული განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც ამ ეტაპზე 3 აპრილამდე მოქმედებს, სავარაუდოდ, გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია ან უახლოეს ხანში მიიღებენ იმისათვის, რომ პატიმრები ვირუსისგან მაქსიმალურად დაიცვან:

ციხეებში აკრძალულია პაემნები და ამ აკრძალვით გამოწვეული დისკომფოტრის ნაწილობრივ შესავსებად პატიმრები თვეში 15-წუთით უფასო სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობენ.

ახალდაკავებული და ახალმისჯილი პატიმრები 21-დღიან კარანტინს გადიან ციხეების საცხოვრებელ კორპუსში და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ არავითარი საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდათ, შეერევიან ძველ კონტინგენტს.

პატიმრები, რომლებსაც საევჭო სიმპტომები ციხეში მისვლისას გამოუვლინდებათ, მაშინვე გადაჰყავთ ერთ-ერთ სამოქალქო კლინიკაში, სადაც დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი მიავლინეს. ექვსი უკვე გაეწერა და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

გაწერილი პატიმრებიც, პირველ რიგში, ციხის ტერიტორიაზე, ცალკე სივრცეში გაივლიან 21-დღიან სამედიცინო საკარანტინო რეჟიმს.

20 მარტიდან არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამსახურში მისულს დილით აღმოაჩნდება რაიმე საეჭვო სიმპტომი, არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ. თეა წულუკიანის ინფორმაციით, 20 მარტიდან დღემდე 100-მდე თანამშრომელი იქნა სახლში გაბრუნებული, ხოლო 80-მდე გარე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოცილებული ციხის პერიმეტრს.

23 მარტიდან აიკრძალა კერძო კომპანიის დამლაგებლების შეშვება ციხეებში. კომპანია ადმინისტრაციას აწვდის შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით, უზრუნველყოფს ციხის დალაგებას.

24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები ონლაინ მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირის დასაწყისში თანამშრომლებს და, ასევე, პატიმრებს გააცნობენ გეგმას, რომელიც გულისხმობს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე პენიტენციური დაწესებულებები გახდეს უფრო ჩაკეტილი და დახურული, რათა არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი. თეა წულუკიანის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებულები მოხვდებიან დახურულ ციხეებში. გეგმა გულისხმობს, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში.

იუსტიციის მინისტრმა პატიმართა ოჯახებს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი ინფორმაციით, ციხეების მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტია და 15-ივე დაწესებულებას აქვს მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG