Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა ილია II-ს: სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა


თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი და მსჯავრდებული გიგი უგულავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის შესახებ წერილით მიმართავს.

„თქვენო უწმინდესობავ,

საშიშროება რეალურია - ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ, როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა, როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს, დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.

ვერანაირი სქოლასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

ამან შეიძლება, უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან - ადამიანთან.

ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.

ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება.

დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ - ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში.

„მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“.

ისაია 26:20

პატიმარი გიგი უგულავა“.

გიგი უგულავა ამჟამად სასჯელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #9 დაწესებულებაში (ე.წ. მატროსოვის ციხე) იხდის. გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას, 27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 13; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 505 ადამიანი; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG