Accessibility links

სააკაშვილი მთავრობას საქართველოს ათასი მოქალაქის ჩამოყვანას სთავაზობს


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მიმართ საგანგებო მიმართვითა და შეთავაზებით გამოდის. მას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებად საქართველოს მთავრობის მიმართ კონკრეტული წინადადება აქვს.

მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან

ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი", უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას”, - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ამ თემაზე ელაპარაკა საქართველოში ბიზნესმენებს.

„თორნიკე კოპალეიშვილმა თავისი ორი სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის. როგორც ვიცი, „მეტეხმა" გადმოგვცა თავისი სასტუმრო კარანტინისთვის, გადასცა მთავრობას კარანტინისთვის, ჩემი სახლი ყვარელში გადმოცემულია, სანდრას სარეაბილიტაციო ცენტრი შემოთავაზებულია. ჩვენ გვაქვს, ასევე უამრავი სხვა შეთავაზება და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ იმაში, რომ ყველა ეს ადამიანი უსაფრთხოდ მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი საფრთხე საქართველოს დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის, ხალხის მიტოვება არ შეიძლება!“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადებასაც ეხმაურება. „მე დღეს ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა. თუნდაც კერძო პირი ვიყო. დავივიწყოთ, რომ ოდესმე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რაღაცა გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.. კერძო პირების ინიციატივაც უნდა გაიზიაროთ თქვენ ახლა, იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი თეთრი“, - აღიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, არ ენდონ იმ კერძო პირებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მათ საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG