Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: „მსურს გამოვხატო აღტაცება და დიდი მადლიერება ჯანდაცვის მუშაკების მიმართ“


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, ხოლო მთავრობის მუშაობაზე ნათქვამია, რომ ის აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული.

"მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ ახლა არ არის „შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკის“, რათა ხელი არ შეეშალოს იმას, რამაც, მისი თქმით, ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან.

„ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",- წერს გიორგი კვირიკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG