Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო კრებამ მხარი დაუჭირა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 28 მარტის 00.00 საათიდან 20 აპრილამდე.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკავშირდება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს და ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომების გამკაცრებას, საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებას და გადაადგილების შეზღუდვას. გარდა ამისა იკრძალება კრებების, მიტინგებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას ეძლევა უფლება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კომერციულ ორგანიზაციებს დაუწესოს მოქმედების განსაკუთრებული რეჟიმი.

ვალერი ბგანბას თქმით, აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის განკარგულებაშია კორონავირუსის 500 ტესტი, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო რუსეთის სტავროპოლის მხარიდან, თუმცა, როგორც ბგანბა შენიშნას, ტესტების ეს რაოდენობა, ისევე როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვის საშუალებები, საკმარისი არ არის.

„სათანადოდ აღჭურვილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორ-ორი ბრიგადა ყოველ რაიონში და სამი ბრიგადა ქალაქ სოხუმში. უახლოეს მომავალში ველოდებით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 15 აპარატის მიღებას“, - განაცხადა ვალერი ბგანბამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატები ასევე აპირებენ კანონის გამკაცრებას პანიკისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის.

ვალერი ბგანბას განკარგულებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი არ შეიცვლება ე.წ. რუსეთ-აფახაზეთის საზღვარზე, თუმცა 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, დაიხურება ყველა ტურისტული ობიექტი. ამავე განკარგულებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG