Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: შეგვიძლია შევასრულოთ ოთხი უფასო ავიარეისი 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით, გამოიძებნა შესაძლებლობა, უფასო ჩარტერული რეისებით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც რეგულარული ავიამიმოსვლის გაუქმების გამო, ამას ვერ ახერხებენ.

როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp მზად არის 31 მარტიდან შეასრულოს ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი.

„27 მარტის 21.00 საათის მდგომარეობით მივიღეთ 2950 სატელეფონი ზარი და ფეისბუკშეტყობინება საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩარჩნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე, რომლის თქმითაც, გაკეთებულია საქმის 2/3: მოიძებნა უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება.

„ეს ყველაფერი კიევში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხელისუფლების ჩარევის, დახმარების და პასუხისმგებლობის გარეშე ამ ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საჭიროა დერეფანი, ფრენის ნებართვა, რასაც ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი იოლად გააკეთებს. საჭიროა საელჩოების და საკონსულოების მობილიზება, რომ შედგეს მოლაპარაკებები ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მივიღოთ ფრენების, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების, სამედიცინო კონტროლის ნებართვა და შედგეს სიები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მონაცემს მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. ან ვაკეთებთ ამ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, ან არადა ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და თავზე დაგვემხობა სახურავი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად, ორი კვირით მოთავსდება საკანტინო ზონაში. როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რამდენიმე სასტუმროს მეპატრონეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უსასყიდლოდ მიიღონ ჩამოსულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG