Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: „გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი!“


„პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.

„თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ასეთი რეაქცია გამოიწვია ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის კრიტიკამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.

„ამ ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. რაღაც ჩვენც ვიცით. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ... რჩევას ყველასგან მივიღებ. მარტო კი არ ვმუშაობ, აქ ისეთი ადამიანების გუნდია შეკრებილი. მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველა რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვის ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რადიო თავისუფლებამ უშედეგოდ სცადა განმარტებების მიღება პაატა იმნაძისგან იმასთან დაკავშირებით, თუ რის თქმას, აპირებს ის, როცა ალაპარაკდება; ვინ უპირებდა "ხელის ხლებას" და რა როლი აქვს ამ ყველაფერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ენდი ვებერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG