Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში COVID-19-ს ორი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა


სომხეთი იტყობინება კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. მთლიანობაში სომხეთში COVID-19-ით დაავადების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 29 მარტს გამოაცხადა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვმა 424-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა წუხელ ფეისბუკში დაწერა, რომ ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„გარდაცვლილები არიან 55 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ჰქონდათ“, - წერს ტოროსიანი.

სომხეთში COVID-19-ის პირველი ლეტალური შემთხვევა 26 მარტს მოხდა, როცა გარდაიცვალა 72 წლის ქალი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, მას რამდენიმე სხვადასხვა დაავადება სჭირდა, მათ შორის - გულის უკმარისობა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ამ მომენტისთვის COVID-19-ით დაავადებული 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

16 მარტს სომხეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, სულ მცირე, 14 აპრილამდე გასტანს.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 669 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 30 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 142 ათასამდე.

კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად 25 მარტს მთელი სომხეთის მასშტაბით იქნა შემოღებული თვითიზოლაციის ერთკვირიანი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეთა გადაადგილებას ზღუდავს.

განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ ნებადართული სამუშაოსთვის და რიგი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზეზებით, როგორებიცაა სურსათისა და მედიკამენტების ყიდვა ან ვარჯიში.

ჯანდაცვის მინისტრმა ტოროსიანმა 28 მარტს განაცხადა, რომ შესაძლოა, თვითიზოლაციის პერიოდი 1 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG