Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ჩიქოვანი: "სამეგრელოს ტერიტორიაზე იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება"


„სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის, იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით. „დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის შესასვლელებში, გაძლიერებული საპოლიციო ძალები ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ“.

ამავდროულად, პოლიცია დაიწყებს პატრულირებას, რათა გაკონტროლდეს ყველა ის წესი, რაც საგანგებო რეჟიმით არის გათვალისწინებული: საჯარო სივრცეში შეკრებები, სხვადასხვა ობიექტის მუშაობა და ა.შ.

ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გამოცხადება და არც კომენდანტის საათის დაწესება. მისი განმარტებით, მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონში გართულებულია ეპიდემიოლოგიური ვითარება და, ამასთანავე, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG