Accessibility links

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა


მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ქარტია ეხმაურება ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც „TV პირველის“ ეთერში გასულ ორ ინტერვიუს მოჰყვა. |

„2020 წლის 28 მარტს, TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდნენ.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ.

მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო ინფორმაციის გადაცემა შეჩერდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია.

შექმნილ ვითარებაში ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამდე სწორედ ჟურნალისტებს მოაქვთ, შეიძლება, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა, ხოლო მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ესაუბრებოდა. ინტერვიუები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG