Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 მარტიდან მოსკოვში ახალი გამკაცრებული საკარანტინო ზომები ამოქმედდება


მოსკოვის ხელისულფება 30 მარტიდან შემოიღებს ახალ გამკაცრებულ საკარანტინო ზომებს, რომელთა მიზანია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მოსკოველებს სახლებიდან გასვლა შეეძლებათ უახლოეს სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში სურსათისა და მედიკამენტების საყიდლად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად, ძაღლის გასასეირნებლად ან ნაგვის გასატანად.

ვისაც სამსახურში სიარული ევალება, ასევე შეეძლება სახლის დატოვება. უახლოეს დღეებში ხელისუფლება შემოიღებს საგანგებო საშვებს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 270 ახალი შემთხვევა, მთლიანად რუსეთში გარდაცვლილია რვა ადამიანი, - იტყობინებიან ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები.

რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 30 მარტიდან საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. აკრძალვა სხვათა შორის არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

დაავადების ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი - 197 - დაფიქსირებულია მოსკოვში, სადაც მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემებით, 1000 შემთხვევაა დადასტურებული.

რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი მოსკოვში გაფართოებული ტესტირების გამო.

დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან და სახლში ილოცონ.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 684 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 32 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 145 ათასამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG