Accessibility links

კახეთში შესაძლოა მგზავრებზე ზედამხედველობა გამკაცრდეს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება გახდეს საჭირო. როგორც მან ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, ამ მიზნით შესაძლოა კახეთში შემსვლელი და რეგიონიდან გამომსვლელი მგზავრების თერმოსკრინინგი დაიწყოს:

„რეგიონში საეჭვო პაცინტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკპოსტის განთავსებას ვფიქრობთ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება, თუმცა ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის“, - უთხრა ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია კახეთში სტაბილურია, არ ყოფილა ახალი კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე რეგიონში თვითიზოლაციაში 227, კარანტინში კი 603 პირი იმყოფება.

29 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება სამეგრელოს რეგიონში გამკაცრდა. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო. შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ხორციელდება მანქანით გადაადგილების კონტროლიც-ნებადართულია მანქანაში მხოლოდ 3 პირის განთავსება.

30 მარტის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად COVID-19-ით დაავადების 98 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულია - 18.

საქართველოში ამ დრომდე დადასტურებული 98-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რჩება 78 ინფიცირებული პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG