Accessibility links

მარნეულის მერი: ოპოზიცია მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს


ზაურ დარგალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებს ადანაშაულებს მარნეულსა და ზემო ყულარში მოსახლეობის შეკრებაში. მერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხების დარიგების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობას ამით უბიძგებენ, უკმაყოფილების გამოსახატად სახლიდან გავიდნენ.

„ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურმე მთავრობა და მუნიციპალიტეტი არიგებს თანხებს მოსახლეობაში. ეს სპეციალურად კეთდება ასეთ რთულ მდგომარეობაში. მარნეულში და გუშინ ზემო ყულარში ათობით ადამიანი 60 წელზე ზევით რისკჯგუფის წარმომადგენლები გამოსულები იყვნენ“, - განაცხადა მერმა ბრიფინგზე. მისი შეფასებით ოპოზიციური ძალები ცდილობენ, ქულები ჩაიწერონ და მარნეულელებს დაანახონ, რომ მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ მუშაობენ.

მერის თქმით, ვითარება რეგიონში სტაბილურია, პროცესი კონტროლს ექვემდებარება და ყველა შინ უნდა დარჩეს. კერძოდ, ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ცხელი ხაზის საშუალებით დღეიდან შეეძლება შესაბამის შტაბს მიმართოს დახმარებისთვის 4 ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და პროდუქტის შემოტანა და მარნეულიდან გატანა.

დღეს, 30 მარტს, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დახმარების უსამართლოდ განაწილების გამო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა მოგვიანებით განმარტა, რომ მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის მიერ გამოყოფილი დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 კატეგორიის მოსახლეობაზე ნაწილდება და ყველასთვის არ არის განკუთვნილი.

მერმა მოქალაქეებს კარანტინის რეჟიმის დაცვისაკენ მოუწოდა.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG