Accessibility links

ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს ვირუსთან საბრძოლველად


ახალი კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის კომისია აცხადებს, რომ გვერდში უდგას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს და მათ, ანუ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას, 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, კომისია აპირებს 700 მილიონ ევრომდე მოცულობის არსებული ინსტრუმენტების გადანაწილებას, რათა შეამსუბუქოს კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური გავლენა.

ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა: "ახლა ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ შევამსუბუქოთ კორონავირუსის პანდემიის გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და საცხოვრებელ პირობებზე. რეაგირებას ვახდენთ როგორც ჯანდაცვის სისტემების უპირველეს აუცილებლობაზე, ისე გრძელვადიან საჭიროებებზე, რომლებიც გაუჩნდებათ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან ეს უკანასკნელი ამ ექვს ქვეყანაში ეკონომიკების ხერხემალს წარმოადგენს".

პარტნიორი ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, კომისია მათ მიაწოდებს სამედიცინო აღჭურვილობას - მათ შორის, სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ პაკეტებს, ნიღბებს, სათვალეებს, საექიმო ტანისამოსს. ევროკავშირის კომისია თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და 30 მილიონ ევროს გამოყოფს ექვსი ქვეყნისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის მისაწოდებლად, მომავალ კვირებში.

კომისიამ ასევე გამოყო 11 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც მცირე გრანტების სახით გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG