Accessibility links

უკრაინის პარლამენტარებმა მეორე მცდელობით დაამტკიცეს ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები


უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, მეორე მცდელობით დაამტკიცა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, მას შემდეგ, რაც 30 მარტს გამართულ პირველ კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა ჩავარდა.

სერგეი მარჩენკო, რომელიც უწინ იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ყოფილი ლიდერის, პეტრო პოროშენკოს დროს, პარლამენტარებმა დაამტკიცეს იგორ უმანსკის შემცვლელად. უმანსკიმ ფინანსთა მინისტრის პოსტზე სულ რამდენიმე კვირა იმუშავა.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტმა დაამტკიცა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მაქსიმ სტეპანოვი, რომელიც ილია იემეტსს შეცვლის. მინისტრის თანამდებობაზე იემეტსმაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმსახურა.

30 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს ახალი საბანკო კანონი, რომელიც საჭირო იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის მისაღებად.

პარლამენტარებმა ვერ დაამტკიცეს 2020 წლის განახლებული სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის პანდემიის შედეგებს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG