Accessibility links

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებსა და ტერიტორიაზე


სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებული ზომების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე გამოცხადდნენ 29 მარტს და „ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ“.

„იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან, რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით, ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში, მე მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. დაახლოებით 400-ზე ადამიანი იქნება თითო ცვლაში, დანარჩენი დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც, ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა, დაკომპენსირდეს“, - თქვა წულუკიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან მათ ორ დღეში საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა შეძლეს.

წულუკიანი მიმართავს პატიმრებს: „მოუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება. პატივი სცენ მათ. თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან“.

30 მარტს გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG