Accessibility links

იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები 1 აპრილამდე დახურულია


„ბევრმა მოქალაქემ დღეს დილით უკვე შეამჩნია, რომ დღეს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოში ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა და ის დაკეტილი იქნება ხვალაც“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ საუბრისას.

როგორც წულუკიანმა თქვა, მას, როგორც მინისტრს, გაუჩნდა განცდა, რომ ზოგი სანოტარო ბიუროს საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა.

„ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგ ნოტარიუსს, ან ნოტარუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, - აღნიშნავს მინისტრი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორი დღით დაიკეტა იუსტიციის სახლების ყველა „ფრონტ-ოფისიც“, მაგრამ, როგორც წულუკიანი ამბობს, სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სანოტარო მომსახურებისთვის.

სამინისტრო 31 მარტს, დღის ბოლოს გამოაქვეყნებს იმ თავისებურებებს და განსაკუთრებულ პირობებს, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები შეძლებისდაგვარად გააგრძელებენ მუშაობას.

30 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG