Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს თვითიზოლირებული პაციენტების დისტანციურ კონტროლს


სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს თვითიზოლაციაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დისტანციურ კონტროლს. ამ ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისგან, რომელმაც კანონპროექტი პირადი სივრცის ხელყოფად მიიჩნია.

სომხეთში 16 მარტს ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა.

132-წევრიან პარლამენტში, რომელშიც წამყვან ძალას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ალიანსი, "ჩემი ნაბიჯი" წარმოადგენს, 30 მარტს კანონპროექტს 57 პარლამენტარი მიემხრო, წინააღმდეგი იყო 24. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ვარაუდობენ, რომ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით, მცირედი შესწორებებით, 31 მარტს დამტკიცდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ბოლო 24 საათში 58-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი რიცხვი 482-ს გაუტოლა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

ახალი კანონით, მთავრობას უფლება ექნება გამოიყენოს ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიები და თვალი ადევნოს იძულებით თვითიზოლაციაში მოთავსებული პაციენტების ადგილმდებარეობას.

შესაძლო კონტაქტების დასადგენად შესაძლებელი იქნება პაციენტის სატელეფონო ჩანაწერების და სხვა პერსონალური მონაცემების გამოყენება.

იუსტიციის მინისტრმა, რუსტამ ბადასიანმა - რომელმაც კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა - თქვა, რომ ეს ზომა იმუშავებს მხოლოდ ეპიდემიებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს და ის არ მოიცავს საკუთრივ სატელეფონო საუბრების მოსმენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG