Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის მცხოვრებთ საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის გარდა აუკრძალა აფხაზეთის სხვა რაიონებში ჩასვლაც.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა მილიციის კორდონის სასწრაფოდ განთავსება ოჩამჩირესა და გალს შორის მდებარე ავტოინსპექციის სტაციონარულ პუნქტთან, რათა აღიკვეთოს ამ ორ რაიონს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა. დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ძალები გზის ამ მონაკვეთზე 30 მარტს, ღამით განლაგდნენ. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპირესი“ ავრცელებს.

30 მარტს, COVID-19-ით დაავადება დაუდასტურდა გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ქალს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პაციენტის გადასაყვანად ე.წ. საზღვრის გახსნას უარყოფდა, ცნობილია, რომ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან 29 მარტს დაბრუნებული ქალი ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით მიიყვანეს ე.წ. საზღვრამდე, სადაც, სოფელ ფახულანთან პაციენტს დახვდა უკვე სამეგრელოს რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილმა საკოორდინაციო შტაბმა თავდაპირველად უარყო, რომ ე.წ. საზღვარზე პაციენტი გაატარეს, 30 მარტს, დღის ბოლოს ეს ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიას დაუდასტურა შტაბის წევრმა, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ალხას ჯინჯოლიამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა თებერვლის ბოლოდან შეზღუდა, 14 მარტს კი, საერთოდ დაკეტა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დარჩენილი ქართველები სამეგრელოს რეგიონში იღებდნენ პენსიას, შემწეობის თანხას და სამედიცინო მომსახურებას და პროდუქტს და მედიკამენტებსაც ძირითადად, იქ ყიდულობდნენ.

30 მარტიდან ოჩამჩირის და შესაბამისად, აფხაზეთის სხვა რაიონებისკენ მიმავალი გზის დაკეტვით, გალის რაიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG