Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ომში მეტწილად გავიმარჯვეთ


„ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა, მედიასთან საუბარში.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვართ, მთელი ჩვენი კლინიკა, ვინაიდან პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადების და მისი სომატური გართულებისთვის იყო დამახასიათებელი, გადავიდა გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და დღის ბოლომდე შესაძლებელია მოიხსნას პაციენტი აპარატიდან“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისი განცხადებით, ასევე გაუმჯობესდა კოვიდინფიცირებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული პაციენტთან ... ანუ კიდევ ერთი ჩვენი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია... და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - აღნიშნა მან.

ლევან რატიანის სიტყვებით, მკვეთრად დადებითია კლინიკაში მოთავსებული ორსული ქალის მდგომარეობაც, მას უკანასკნელ 24 საათში არ ჰქონია ცხელება, ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ პაციენტი რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას.

მისივე ინფორმაციით, გაუმჯობესებულია ერთ-ერთი ასაკოვანი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც,

„პირველი ჩატარებული ტესტით კოვვირუსით ინფიცირება აღარ ვლინდება, 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ხვალ ეს ქალბატონი დატოვებს კლინიკას. ანუ კიდევ ერთი მაგალითი, რომ კოვიდი არ არის მკვლელი, ამ ქალბატონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ქალბატონი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჭარბი წონით, ამ ეტაპზე მისი მდგომაროება არის მკვეთრად გაუმჯობესებული, სომატური პათოლოგიების გარდა არანაირი გართულება არ ვლინდება, ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ გაეწერება პროტოკოლის დაცვით თვითიზოლაციის პირობებში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი განმარტებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 77 პაციენტი იმყოფება, მათგან 17კორონავირუსით COVID 19-ითაა ინფიცირებული.

ლევან რატიანის თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მათ კლინიკაში კორონავირუსზე არც ერთი დადებითი პასუხი არ მიუღიათ.

31 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დადასტურებული 108-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG