Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდება თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც


საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მიაწოდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება 2 ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტის დამატების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს 31 მარტის სხდომაზე იქნა მიღებული:

„ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. და, რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ​

საქართველოს 7 ქალაქის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.

აღნიშნული პუნქტების მეშვეობით ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 21.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG