Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოფოძე: მკაცრად ვაკონტროლებთ სამედიცინო პერსონალის დაცვას ვირუსისგან


ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო პაციენტებთან სრული ეკიპირებით შედიან როგორც ექიმები, ასევე სანიტრები და მედდები და ეს მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მკაცრად კონტროლდება:

„დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული და ასეული ექიმია დაავადებული. ამიტომ, ამას ძალიან მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით, მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც ამ წესის დასაცავად გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოფოძემ. მისი შეფასებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკი ჩნდება მაშინ, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა.

ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ, დაკვირვების ქვეშ კი 46 პირი იმყოფება. მათგან 7 პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და შვიდივე უარყოფითი აღმოჩნდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეისთვის ახალ კორონავირუსზე 13 პირის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

გუშინ, 30 მარტს, ახალი კორონავირუსით ინფიცირება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა და ამისგან არ არის დაცული.

31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 21.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG