Accessibility links

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა


ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი. პროცესს, რომელიც 31 მარტს გაიმართა, ციხიდან დისტანციურად ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. სხდომაზე ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა, კიდევ ერთხელ დააყენა ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების საკითხი, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, დაცვის არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის ობიექტური შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს:

„აღვნიშნეთ, რომ მოწმეები დაკითხულები არიან და მათზე ზემოქმედება დამთავრებული ამბავია;

მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ქვეყნის ყველა საზღვარი ჩაკეტილია და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება აკრძალულია. შესაბამისად, ვამბობდით, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს;

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, ახლა სპეციფიკიდან გამომდინარე, 20 ივნისს მიტინგი იყო და უამრავი ხალხი იყო გამოსული და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი და დღეს, როცა 3 ადამიანზე მეტის შეკრება უკვე აკრძალულია კანონით, შესაბამისად, ამისი ჩადენის ალბათობაც აღარ არსებობს-მეთქი, მაგრამ არ გაიზიარა“, - გვითხრა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 აპრილს ბრალდების დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისიდან აქვს შეფარდებული. მისი დაფუძნებული პარტია „გამარჯვებული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG