Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: 29 წლის წინ რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობა აღადგინა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი თქმით, საოცარია, რომ 70-წლიანი საბჭოთა ციხეგამოვლილმა ხალხმა გაიაზრა თავისუფლებისა და ერთიანობის ფასი და დამოუკიდებლობას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ამავე მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გარდა, არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც.

„ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG