Accessibility links

EMC მთავრობას მოუწოდებს, იზრუნოს მათზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა


ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას მიმართავს, შექმნას სოციალური დაცვის მექანიზმები მათთვის, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საგანგებო ღონისძიებების გამო დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს.

ორგანიზაციის თანახმად, აქამდე შემუშავებული ზომების დიდი ნაწილი დამსაქმებლებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს მოიცავდა და მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი სოციალური პროგრამებიც, რომლებიც პირდაპირ მიემართება შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას.

EMC-ის თანახმად, შემწეობა არ უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმის მიხედვით, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის რეკომენდაციაა, ასევე, პოსტკრიზისულ ეტაპზევე დაიწყოს უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ სისტემის არარსებობა დღევანდელ კრიზისს ერთიორად აღრმავებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სოციალური დაცვის მექანიზმები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაოს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს კარანტინის ზონად გამოცხადდა, საყოველთაო კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანა 31 მარტიდან გადავიდა.

საქართველოში 31 მარტის 18 საათის მონაცემებით, კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 110-ს შეადგენს.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG