Accessibility links

როგორ ხდება COVID-19-ის შედეგების პროგნოზირება


საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 28 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი სათაურით „COVID-19 ეპიდემია საქართველოში პროგნოზი და პოლიტიკის შეთავაზებები“. დოკუმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პროგნოზირებული სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემია.

19 მარტს ჩატარებული სამოდელო სავარჯიშოების საფუძველზე მიღებული პროგნოზი ასეთია - სოციალური დისტანცირების გარეშე საქართველოში ეპიდემიის პიკურ კვირაში 5600-მდე ახალ ჰოსპიტალურ შემთხვევას უნდა ველოდეთ, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა სოციალურ კონტაქტებს 30 პროცენტით შეამცირებს, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 1400-მდე შემცირდება.

ეს მონაცემები ეყრდნობა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ხელსაწყო CHIME-ს (COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics). ის სპეციალურად ახალი კორონავირუსის ეპიდემიისთვის შეიმუშავეს და ეყრდნობა SIR მოდელირებას - ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რომელიც პროგნოზის გასაკეთებლად ეყრდნობა ფორმულას, სადაც ცვლადებს საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების (S), ინფიცირებულების (I) და გამოჯანმრთელებულების (R) რაოდეობა წარმოადგენს.

CHIME შედარებით მარტივი ხელსაწყოა, რომელიც საავადმყოფოებისთვისაა განკუთვნილი. მისი გამოყენებით მიღებული შედეგები მხოლოდ პროგნოზია - თუმცა, სტატისტიკაზე დაყრდნობილი, ინფორმირებული პროგნოზი. მისი ამოცანაა, სპეციალისტებს დაეხმაროს წინასწარ განსაზღვრონ, თუ როდის შეიძლება ელოდნენ პაციენტების მოზღვავებას, რამდენი პალატა იქნება საჭირო, სავარაუდოდ ეყოფათ თუ არა სუნთქვის აპარატები და ა.შ.

დამატებითი მონაცემების პროგნოზირებისათვის უფრო კომპლექსური სიმულაციებია ხოლმე საჭირო.

ერთ-ერთმა ასეთმა კომპლექსურმა სიმულაციამ, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პოლიტიკაზე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა.

დიდი ბრიტანეთი, ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, „ჯოგურ იმუნიტეტზე“ ლაპარაკობდა. სავარაუდოდ, გეგმა იყო, რომ რისკჯგუფში მყოფები შინ დარჩენილიყვნენ, დანარჩენ მოსახლეობას კი COVID-19 მოეხადა და ამით დაეცვა მოხუცები და ავადმყოფები.

როგორც ბრიტანული მედია იუწყებოდა, გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევის შედეგები გააცნეს. ამ კვლევის მიხედვით, თუ დიდი ბრიტანეთი არაფერს იღონებდა სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად, ეს 250 ათასამდე სიკვდილს გამოიწვევდა - ძირითადად იმიტომ, რომ ამ მოდელის მიხედვით „ჯოგური იმუნიტეტის“ მიღწევის მცდელობა ჯანდაცვის სექტორს მაქსიმუმზე ხუთჯერ მეტად გადატვირთავდა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის გუნდის მიერ შემუშავებული მოდელი უკიდურესად დეტალურ და დახვეწილ მონაცემებს ეყრდნობოდა. გათვალისწინებული იყო ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა კერა - სკოლები, ოჯახები, ოფისები და სავაჭრო ცენტრები. აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით გაითვალისწინეს პოპულაციის ასაკობრივი განაწილება. გამოთვალეს საშუალო ოფისის ზომა და დრო, რომელიც მუშაკებს სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად სჭირდებოდათ - შესაბამისად, რამდენ ადამიანთან ექნებოდათ კონტაქტი და როგორი იყო დაავადების გადადების ალბათობა. სკოლის კლასების საშუალო ზომა შეწონილი იყო ოჯახის საშუალო ზომასთან - და გამოთვლილი იყო, რამდენი ბავშვი სტუმრობდა ხოლმე ბებიებსა და ბაბუებს.

მიუხედავად ამგვარი კომპლექსურობისა, ვერც ამ მოდელით მიღებული ინფორმაცია იძლევა გარანტირებულად სწორ პროგნოზს. აღწერიდან მიღებული ინფორმაცია საკმარისად ზუსტია და გამოყენებული ფორმულებიც სტატისტიკურად გამოცდილია, თუმცა პრობლემა იქმნება, როდესაც მოდელში ახალი კორონავირუსი შეჰყავთ.

პრობლემა კი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებმა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გადაჭრით არ იციან. და ამ დროს ერთ ცვლადში დაშვებულმა მცირედმა უზუსტობამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე.

აი, მაგალითად, როგორია ახალი კორონავირუსის R0 - ანუ საშუალოდ რამდენ ადამიანზე გაავრცელებს დაავადებას ერთი ინფიცირებული დაუცველ პოპულაციაში. დღეს მიღებულია ვარაუდი, რომ COVID 19-ის შემთხვევაში ეს 2-3-ს წარმოადგენს. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს მაჩვენებელი იცვლება ხოლმე და, თავის მხრივ, დამოკიდებულია ქვეყანაში მიღებულ სოციალური დისტანცირების ზომებზე, რომლის შედეგების მოდელირებაც ყოველთვის მარტივი არ არის.

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ჯერჯერობით, პოლიტიკის განსასაზღვრად ქვეყნებს უკეთესი ხელსაწყო დღეს არ გააჩნიათ. მის შედეგებს ეყრდნობიან მაშინაც კი როდესაც მოდელირების პროგნოზი პესიმისტურად ჩანს - აი, 31 მარტს აშშ-ში ქვეყნდება იმ სტატისტიკური მოდელის შედეგები, რომელზე დაყრდნობითაც შტატების გუბერნატორებმა და ქალაქის მერებმა 250 მილიონზე მეტი ადამიანის სახლებში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. პროგნოზი მძიმეა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელები მკაცრად დაიცავენ სოციალურ დისტანციას, კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შეიძლება 100 ან 200 ათასიც კი შეადგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG