Accessibility links

შსს: ე.წ. კომენდანტის საათის ღამემ მშვიდად ჩაიარა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მთელი ღამის განმავლობაში, 31 მარტის 21:00 საათიდან 1 აპრილის 6:00 საათამდე აკონტროლებდნენ ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებულ რეგულაციებს.

შსს-ს განცხადებით, „მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დარღვევების შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“.

კონკრეტულ დარღვევებს შსს არ ასახელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ფასდება და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოში კარანტინის რეჟიმი 31 მარტის დილის 8 საათიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

მთავრობამ „ფაქტობრივად სრული კარანტინის“ ზომას მიმართა კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. მანამდე კარანტინი გამოცხადებული იყო მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

1 აპრილის 09:30 საათის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 110 შემთხვევა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG